четверг, 29 октября 2009 г.

Audio video clips Manana Pruidze



მუსიკა: თამრიკო დავითაშვილი

ლექსი " მანანა ფრუიძე

"სადმე წამიყვანა ნეტავ"

Tamriko Davitashvili : "Desire" - " Neta " , lyrics by Manana Pruidze

"http://mamaila.com/

"მყვირალობისას" - მანანა ფრუიძე ( audio clip)












რომანტიკული ციკლი



სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში."



***


მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის,
ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული,
მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი
და ლტოლვა,ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.

შენ მოხვედი და ჩამიქსოვე სულში ტკივილი,
ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით,
შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი
და ეხლა ასე უსასოო,შილიფი კაბით

ვდგევარ სფინქსის წინ მუხლმოყრილი,როგორც მეძავი,
უტყვ პირამიდებს საშუაღამო ელვა ანათებს,
შენზე ფიქრები სიძულვილის კარებს ლეწავენ
და ცხელ ქვიშაში აგორებენ ბედის კამათელს.

შაში... დუშაში... უეჭველად აზარტიც მოვა,
სპილოსძვლისფერი დათამაშებს თითების ჩრდილში,
მე მოვედი და მოვიტანე ალერსის თოვა,
შენ მოხვედი და მომიტანე წაგების შიში

***


დუელი ქალთან

ჩამოგიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი,
ნესტოებს გიწვავს მწკლარტე სუნი გვიმრის და ანწლის,
მერე დუელში გამოგიწვევს ჭაღარა დენდი
და თეთრ ხელთათმანს სილასავით სახეში გაწნის.

შენ ხომ ქალი ხარ! დუელი და ქალი ვინა თქვა,
საკინძეს გისხნის ავარდნილი ლერწმებში ქარი,
სამიზნედ გიჩანს თავი მინა-მინანქარს
და გითრთის ტყვიას აცდენილი მარცხენა მხარი.

ჩამოგიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი
კრიალოსანზე დაგიმარცვლავს სიცოცხლის წამთა,
მზერას აუსხლეტს გამომწვევად შიშველი მკერდი
და დუელს აგებს მერამდენედ საკუთარ თავთან.



***

ენატრებოდი და არტახებს იგლეჯდა მკერდი,

გიხმობდი ჩემად,ზესურვილი დიოდა ტანში,
აწყვეტილ გრძნობებს მოცახცახე სუნთქვაში ვტევდი,
ვნების ჭენებას თოხარიკით მივდევდი კვალში.

გაცლიდი სამოსს ,ავგაროზად გკიდებდი ალერსს,
გათრობდი უხმოდ სხეულიდან დაწურულ ჟინით,
ალმურს ვახვევდი დასაკოცნად მიბნედილ თვალებს
და ასე,შენში გადმოცლილი ვრჩებოდი დილით.

ვერ გთმობდი მაინც,დავესესხე სიცოცხლეს დრო და
გიკრავდი სუნთქვას ბაგეებზე დამცხრალი ქალი,
მომცრო ოთახში გარიჟრაჟის სიგრილე თრთოდა

***'



შიშველ ძუძუებს გიკოცნიან მლაშე ტალღები
და სველ ქვიშაზე ნაკვალებად რჩება წარსული,
შენ ჩემს ალერსში ძუკნასავით გაითანგები,
დამავიწყდება,რომ თავადის ვიყავ ასული

და ცხელ ტუჩებზე დაგაკვდები ისე ძალიან,
აღგიგზნებ სხეულს გახელებულ მდედრის კერტებით,
მე ალერსისთვის გაჩენილი ამორძალი ვარ
და ჩარჩოებში ვერასოდეს ჩავიკეტები.

გადმოვდინდები ნაპირიდან ვნების დინებად,
შემოგაფეთებ მოუთოკავ სურვილთა გნიასს
და თუ ასეთი გაგიჟება ღმერთმა ინება,
მომეტევება ალბათ ცოდვაც,მიწიერ დიაცს...

***


წუწკი ძაღლივით მლოკავდა ტალღა,
ვიღაცას ჩემი სილაღე შურდა,
შენი ალერსის სურვილი მკლავდა
და ზღვის ტალღებში ცვიოდა ხურდა.

მხრებით უსიტყვოდ დამქონდა სევდა,
არ მიქარვებდა არავინ ნაღველს,'
ტკივილი გულის საფარველს ხევდა
და კბილებშუა მიქცევდა ბაგეს.

გელოდებოდი,ვიცოდი მაშინ,
რომ შენს მზერაში ჩაძირვა მსურდა,
გბაძავდი,როგოც პატარა ბავშვი
და ზღვის ტალღებში ცვიოდა ხურდა.
***



გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
მოგვნატრებია საქართველოს ნაჯიჯგნი მიწა,
ხელისმოჩრდილვით გამოგვყურებს მამულის ზეცა
და უხილავი ანგელოზი გვახლავს და გვიცავს.

მამადავითზე გაწოლილა ნისლი დევივით,
წითელ კრამიტებს მოხდენია მორცხვი იერი,
ასე მგონია, ხვალ სიონში ისევ შევივლი
და გამაბრუებს სურნელება სანთლისმიერი.

გადავიხვეწეთ უცხოეთში შენცა და მეცა,
აქ სხვა დილაა,სულ სხვა ბინდი,სულ სხვა ოცნება,
თვალცრემლიანი გამოგვყურებს თბილისის ზეცა
და როგორ მინდა დავუჩოქო ამ საოცრებას.

****



ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო,დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ ,შენში შემოსული ფარული ვნება,
გარდასახვაში მიმალული მეძავი ქალი
და ხერხემალზე აყოლილი მალების წყებას,


ჟრუანტელს აწვდის ხორკლიანი ენის სისველე,
ავხორცულ ვნებებს იოკებენ ნებები თითთა,
შენს კაცურ მკერდზე გაყუჩების წამი ისვენებს
და გახელება,მოწოლილი სურვილის პირთან,


თავდავიწყებას შემოგახვევს ბაგეთა კვალით,
დაგიცლის სხეულს,სიამისგან დაგნისლავს როგორ,
ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო,დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ,შენში შემოსული მაცდური გოგო.

***

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

***

საუკუნე,წელიწადი და თვე,
კვირა,დღე და საათი და წუთი,
წამი, მელანქოლია და მე,
ყელში უშნოდ გაჩხერილი ბურთი.
ღამე, კარზე კაკუნი და... შენ,
გარეთ თავსხმა,გალუმპული თმა,
"გაზაფხული შემოსულა,ლენ",-
როიალი, თითები და ხმა.
შამპანური, ბუხარი და სითბო,
თვალი თვალში,მოპარული მზერა,
გახელება,გაგიჟება,რითმა,
სინანული,სიგარეტი,წერა...
ყოყმანი და მიხურული კარი,
სველი დილა,ნაცრისფერი დღე,
შიშველ მხრებზე მოხვეული ქარი,
სიყვარული,აპრილი და ...მე.


****



ათასი თვალი დამაცილებს ქუჩაში მავალს,
ათასი ყური -დაცქვეტილი,სმენად ქცეულა.
ვინ იცის,რას არ დამწამებენ, მრავალს და მრავალს,
ჭორადასხმული,წელისწყვეტით დამაქვს სხეული.


და ზოგჯერ ხდება,ამღვრეულ თავს მიწამდე დავხრი,
როდესაც ვისმენ უგუნურთა უაზრო ბოდვას,
რა გინდა რომ თქვა,მართალია ღმერთი და ხალხი,
რადგან ვატარებ სიყვარულის უმძიმეს ცოდვას...

უნდა წაგშალო ჩემი ხსოვნის ყველა ბწკარედში,
რა სიკვდილივით აუცდენელ ტყვიად მეწვიე,
ვერ დავივანე შენს მხურვალე,ლამაზ ჰარემში,
ვერ შევეგუე ვყოფილიყავ შენი მზეწვია.

უნდა დაგშორდე,მოგონების სკივრი დავცალო,
დარჩენილ დღეებს გადარჩენით უნდა ვუშველო,
ოღონდ სულ ცოტა ,სულ ცოტა ხანს უნდა მაცადო,
სანამ ვისწავლი არსებობას ქვეყნად უშენოდ...

****



გათელილ გრძნობებს,
შეწყვეტილ ფიქრებს,
ჩამკვდარ ოცნებებს,
გაყინულ მზერას,
მუხლმოყრილ სურვილს,-
"მოვიდეს იქნებ",
შემზარავ პასუხს,-
"არა" თუ "ვერა",
ამწვარ სხეულზე მათრახად ვიქნევ
და ამ თვითგვემის ჯიუტად მჯერა.

* **
არ შეცოდოო,რადგან ცოდვა არისო ფიქრიც,
არ იმრუშოო,სიყვარულიც სიძვაა თურმე,
რა ვქნა თუ ვნება გაუხედნავ კვიცივით მიჰქრის
და წიხლით მაყრის შენი მხრების დამაჭრულ სურნელს.

და ღვთის რისხვაა უშენობის ყოველი წამი,
მრევლი მორჩილი თავდახრილი ვუჩოქებ პატრონს,
ბალიშით ვახრჩობ სინანულის სიყალბეს ღამით
და მერე მდედრის გაშიშვლებულ სურვილით გნატრობ...

***


დასალიერთან იწვის ივლისი,
ცის მეწამულმა დღესთან გამყარა,
მომნატრებიხართ შენ და თბილისი,
ჩემი არსობის ორი სამყარო.

ჩამომეღვენთა ცხელი სხეული
და გამოექცა ვნება ნაპირებს,
თავისუფლებით გადარეული,
მე განთავსებას შენში ვაპირებ.

მარილნალოკი ირმის წყურვილით,
მინდა მჯეროდეს,რაშიც მაჯერებ.
შენსკენ მოილტვის ჩემი სურვილი
და ღვთის გულისთვის,ნუ შემაჩერებ!

***


უშენოდ ჩემთვის სიბნელეა
და შავი სიკვდილის ხეტიალი,
გულ-მკერდს მონატრება მიბნევია
და ეს სიყვარულზე მეტი არის.

უშენოდ ქარაფია გაკიდული,
გოლგოთის აღმართები რეტიანი,
უშენოდ სიცოცხლეა გაყიდული
და ეს სიყვარულზე მეტი არის.

უშენოდ დილემი და წკვარამია,
ბოლო ეშაფოტის სვეტი არი,
უშენოდ არსებობაც არამია
და ეს სიყვარულზე მეტი არის.

***



***

თვალის უპეში ჩაწოლილო ცრემლის ღრუბელო,
ერთი სიტყვაც და გადმოსკდება ცოდვის ნაყოფი,
მოვაფრინდები ამორძალი ულაყს უბელოს
და წავაჩოქებ შენს ფაცხასთან ოფლით გაპოხილს.

გადააფითრებს შიშისაგან მძინარ ლელიანს
ლაგამნაღეჭი ბედაურის ცისფერი ჩრდილი,
შენ შემადარებ სიყვარულის ლამაზ ფერიას
და გაგორდება სოხანეზე სადაფის ღილი.

გაფიცხდებიან ბაგეები ალერსის თქეშში,
დათვრება გრძნობა სურვილით და წითელი ღვინით
და შუაღამის მოსვენებით გარინდულ ტყეში
მოგეცემი ჩემებური ქალური ჟინით.

თვალის უპეში ჩაწოლილო ცრემლის ღრუბელო,
ამიტირდები განშორების სევდიან კართან,
მოვაფრინდები ამორძალი ულაყს უბელოს,
გამოქცეული განთიადზე არტახებს მკლავთა.



***



ირხლი დაედო დაღლილ იმედებს,
ცა თვალებს ხუჭავს და ძილში მიდის,
ვეცადე,მაგრამ ვერ გაგიმეტე,
ვისაც ხსოვნიდან გულდაგულ გგვიდი.

ახლა ვუწევარ სიზმარს მარჯვნიდან,
გონჯი აჩრდილი მრუდე სარკეთა,
და დაკაწრული,ცივი ფანჯრიდან
მიმზერს ჩემივე სასოწარკვეთა...

***
მე დავიბადე,როცა ღამე დილას გაშორდა,
ზიზღის ძონძებში გამახვიეს იქვე შილიფად,
ბედს გადაუგდეს ასაკენწლად ჩემი ბავშვობა
მუშტრის თვალებით გადმომხედეს მერე ირიბად

და ჩალის ფასად გამიყიდეს სიცოცხლე ციდა.
მაქციეს უცხოდ,ტყუპისცალად ამკიდეს სევდა,
ოქტომბრის თვეში სიბრალულის ცრემლებით ცრიდა
და ფუყე მკერდში მიხუტებდა ახალი დედა...

***

მოდი,"ბრმობანა" ვითამაშოთ,როგორც ბავშვებმა,
ვითომ ვერ მხედავ,ვერც მე ვარჩევ ნაკვთებს სანუკვარს,
ხელი ჩამჭიდე,არ გაბედო არსად გაშვება.
მითხარ "სიცოცხლეს მირჩევნიხარ,ჩემო ნანუკა!"

მითხარ,რომ მე ვარ სხივი შენთა დაშრეტილ თვალთა
და მშიერი ხარ სიყვარულის ჩემის გარეშე
და რომ ერთი ვარ სამყაროში,მილიონ ქალთა
და რომ პირთამდე აგავსე და გზნებით გაგლეშე ,


მოდი,"ბრმობანა" ვითამაშოთ,სხეულო ჩემო...

***

თვალები
მომნატრებიხარ
მილიონი თვალია გარეთ,
თვალი ცბიერი,თვალი მრუში,თვალი ართვალი,
თვალი ცისფერი,თაფლისფერი,შავი და მწვანე,
თვალი მტყუანი,თვალი ზოგჯერ ცამდე მართალი.

თვალების ზღვაა ქუჩებში და სარკმელთა მიღმა,
სასახლეებში, ქოხმახებში, მდიდრის თუ გლახის,
მუქი ვუალი ვნებით სავსე რამდენ თვალს ნიღბავს,
რკინის გისოსებს მომწყდარია თვალები ხალხის.

რამდენი თვალი დასაკოცნად ცხელ ბაგეს ნატრობს,
რამდენ თვალს მზერას გაუყინავს სიკვდილის ტყვია,
რამდენი თვალი გაექცევა სხვებისკენ პატრონს
და რამდენს ქვეყნად თვალხარბი და თვალთმაქცი ჰქვია.

ამბობენ ასე, თვალი ჭამს და თვალი სვამს კაცის,
თვალში ცხოვრების ანარეკლის ივლება კვალი,
წუთისოფელი თვალმოხუჭვას არასდროს გვაცდის
და ცოდვილთ ღმერთის წყალობისკენ გაგვირბის თვალი.

რამდენი თვალი იხილება პირველი მზერით,
რამდენი თვალი იხუჭება ადრე თუ გვიან,
რამდენი თვალის შემოხედვას ცახცახით ველით,
რამდენ თვალს ჩვენი საფიცარი თვალები ჰქვია.

მომნატრებიხარ..
მილიონი თვალია ირგვლივ,
მე ყველა მზერას დავლოცავ და ვეთაყვანები,
და სანამ მიწას ამ დაშრეტილ, ბრმა თვალებს მივგვრი,
ავგაროზივით დამიცავენ შენი თვალები

***




წუხელ გაწვიმდა და სინესტე გაუჯდა ფიქრებს,
შიშველ ოცნებას ხერხემალზე დააკვდა შოლტი,
ამოირეცხა გონებიდან სათუო "იქნებ...",
ჩამოიჩეხა კვირტნაყარი იმედის ტოტი.

და მერე მზერა შეეყინა შორეულ ბექობს,
მხარზე უჩუმრად სიყვარულის ნეშტი გავიდე,
ღამეს კვეთავდა უძულური კივილის ექო
და დაბრუნება არ ეწერათ მზიან ამინდებს.

ტიროდა მწუხრი,სასაფლაოს ეფინა თალხი,
იდგა ლოდინი,იმედისგან გაურიყავი,
მისამძიმრებდა ჭირისუფალს უცნობი ხალხი
და მესაფლავე საკუთარი გრძნობის ვიყავი...

***


შენ

ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო,დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ ,შენში შემოსული ფარული ვნება,
გარდასახვაში მიმალული მეძავი ქალი
და ხერხემალზე აყოლილი მალების წყებას,
ჟრუანტელს აწვდის ხორკლიანი ენის სისველე,
ავხორცულ ვნებებს იოკებენ ნებები თითთა,
შენს კაცურ მკერდზე გაყუჩების წამი ისვენებს
და გახელება,მოწოლილი სურვილის პირთან,
თავდავიწყებას შემოგახვევს ბაგეთა კვალით,
დაგიცლის სხეულს,სიამისგან დაგნისლავს როგორ,
ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო,დახუჭე თვალი,
ეს მე ვარ,შენში შემოსული მაცდური გოგო.





***

რომ არ გტკენოდა,გაგეფინე წაქცეულს მინდვრად,
რომ არ გწყენოდა,გადავმალე ღიმილქვეშ ცრემლი,
როგორც ოცნება, საგულეში მესახლე მკვიდრად
და შენს სიყვარულს დამღეროდა გრძნობათა მრევლი.

და განშორება უუძლურეს სიტყვებად დარჩა,
და ცისსაყართან ირეოდნენ ღრუბლები ეჭვთა,
და მეწამულად ბრიალებდა დედოფლის ფარჩა
და ცერზე შენგან ნაბოძები მიმინო ეჯდა.

და სიყვარულზე დაგეშილი ფრინველის მზერით,
ეფერებოდა ციცაბოებს ნაცრისფერ კლდეთა,
სათავადოსკენ ნამუსრევი მიჰქონდათ ძღვენი
და არსაკიძეს დასტიროდა ბებერი მცხეთა...

***
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

***
ბედი
რაშის აჩრდილი დადის ქალაქში,
ბედო,დამცინი! ბედო,თავხედობ!
მინდა ჩაგკეტო ერთხელ თავლაში
და ეკლიანი სახრით გაგხედნო.

ვიცი,დაღლილი და მოკანკალე,
ჩაიმუხლებ და ...გამიყუჩდები.
მე კი,მათრახის ყოველ ნაკვალევს
ამოგიშუშებ გრილი ტუჩებით.

და შერიგებას შემოგთავაზებ,
როცა შუაღამე ზეცას გარინდავს,
ხელს შემოგარტყამ ლამაზ გავაზე
და ურდულს ავხსნი ყველა კარიდან...

***
როცა გეძახი,როცა მინდიხარ,
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ
და გამოწვდილი მირჩება ხელი.
როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ,
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ,
ვიღაცას სწორედ მაშინ მიჰყავხარ
და ჩემი წილი ალერსით გათრობს.
როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ,
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები,
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.
როცა ვივსები,როცა ვარ შენი,
როცა გნებდები,როცა მინდიხარ,
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.

***

კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.
უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.
მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.
სისხლის გაგიჟება ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი შვილის.
კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

***



ასე მეგონა,არავისი არ მშურდა ქვეყნად.დღემდე მეგონა...
მაგრამ ქუჩაში წაიქცა ბავშვი,
"ვაი,დედაო"-დაიძახა,
მივარდა დედა,მერე ხალხი.
როცა გიჭირს და როცა სული კბილით გიჭირავს,
"ვაი, დედა"-ს რომ დაიძახებ და არსაიდან გესმის პასუხად -"რა მოხდა,შვილო!",ყველაზე დიდი უბედურება ყოფილა თურმე.
მე კი მეგონა,არავისი არ მშურდა ქვეყნად...

რამხელა სიყვარული შეგძლებია,
რამდენი დუმილი და ატანა,
სიკვდილის დემონები ვერ ძღებიან,
სიკვდილის დემონებმა მხარზე დაგცეს,
მერე ოცნებები გაგიძარცვეს,
სული მოგიწამლეს,პატარა.

ამქვეყნად არსებობა მირაჟია,
აღარსად კაცობა და გატანა,
რომელმა ძმადნაფიცმა მიგაჩვია,
უკუნით ლაბირინთში ხეტიალი.
შენი თვალებივით ფეთიანი,
გული გაგიჩერეს,პატარა.

ზოგჯერ ღმერთია და შორი არის,
უფრო ახლო არის სატანა,
ირგვლივ მონატრება ბორიალობს,
ტირის აგვისტოს თვე მგლოვიარე,
ყველა სასულეთი მოვიარეთ,
შენ სად ჩაიმუხლე,პატარა...

***




მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.

მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.

მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს...

***
მწვანე მაუდზე საბოლოოდ იშლება კარტი
და მე სიცოცხლეს ჩამოვდივარ გაყინულ სახით,
გარეთ ნასესხებს ევაჭრება თავხედი მარტი
ლამაზ აპრილს და მოლოდინში ამთქნარებს ხალხი.

უნდა მოვიგო! სიკვდილს უდრის წაგება რადგან,
რადგან ამ თამაშს ცხოვრებასთან დუელი ჰქვია!
ოთახის ბოლოს ირონიის აჩრდილი დადგა
და იარაღში ერთადერთი გაჭედა ტყვია.

ვიღაცამ გამცა,-"არ იცისო თამაში, მაგან"...